თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამოჩენილი პოლიტიკოსის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.

ორდღიანი კონფერენციაში, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს,  მონაწილეობენ ქართველი და  უცხოელი მეცნიერები კანადიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპს, პირველი მსოფლიო ომის, ომთაშორის ევროპის, ქართული ემიგრაციის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას.

გახსნის ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობაზე და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლზე ისაუბრა. „აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა. ის ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზედაც გადაწყდა უნივერსიტეტის გახსნა. ჩვენ გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ მისი დამსახურება უნივერსიტეტის და ქვეყნის წინაშე, ამიტომ, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, ერთ-ერთ აუდიტორიას მივანიჭოთ აკაკი ჩხენკელის სახელი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მზადდება მისი შრომების ორტომეული გამოსაცემად“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მან მადლობა გადაუხადა უცხოელ სტუმრებს, რომლებიც სამეცნიერო ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

„ამით კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს დიდი საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის კვლევას საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციას გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აკაკი ჩხენკელი როგორც მეოცე საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა დღევანდელი საქართველოსთვის, ვინაიდან მის სახელს უკავშირდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირება. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ევროპული დღის წესრიგის შექმნაში, როგორც პირველ საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი მემკვიდრეობა არის გასაფრთხილებელი და დასაფასებელი. სწორედ ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული არქივის ერთობლივი ძალისხმევით მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, აკაკი ჩხენკელის სახელს უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი საქართველოს ისტორიაში. „აკაკი ჩხენკელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაში, ასევე, უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში“, - აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კონფერენციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თსუ ბიბლიოთეკაში დაცული აკაკი ჩხენკელის არქივიდან ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და თვალსაჩინოება, რომელიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან არის  დაკავშირებული.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოსაცემად ამზადებს აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის ორ ტომს. მასში თავს მოიყრის აკაკი ჩხენკელის, როგორც დიპლომატისა და საზოგადო–პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიცემა აკაკი ჩხენკელის რჩეული თხზულებებიც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არსებულ ერთ-ერთ აუდიტორიას მიენიჭა აკაკი ჩხენკელის სახელი.

სახელოვანი დიპლომატის სახელი მიენიჭება თბილისის ერთ-ერთ სკვერს, რომელიც საბურთალოს რაიონში მდებარეობს. ამავე სკვერში განთავსდება მისივე ბიუსტიც, ხოლო მთაწმინდის რაიონში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე იმ სახლის კედელზე, სადაც აკაკი ჩხენკელი ცხოვრობდა, განთავსდება მემორიალური დაფა.

დაწესდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, რომელიც  გადაეცემა გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტიპენდიატს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასცემს ერთჯერად პრემიას.

ცნობილი დიპლომატის გამოსახულებით, საქართველოს ფოსტის მიერ შექმნილია საფოსტო მარკაც.