უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ მიმართულებების ხელშეწყობა, რომელთაც საუკუნოვანი ისტორია აქვთ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყანაში ფუნდამენტური მეცნიერების მთავარი კერა იქნება.
„უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ მიმართულებების ხელშეწყობა, რომელთაც საუკუნოვანი ისტორია აქვთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი იქნება ქვეყანაში ფუნდამენტური მეცნიერების მთავარი კერა. აზრის კვლევის შედეგად განისაზღვრება გარკვეული კვოტირება, რა რაოდენობას მიიღებს ესა თუ ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტების სახით. ახლა კონკრეტულ კვოტებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას დიდად არ ამცირებს. ამ თვალსაზრისით ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ აბსოლუტურად ახალ რეალობას, რა რეალობაც იგეგმება რეფორმის გატარების გამო“, – აღნიშნა სამუშიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.








