ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მართვის მნიშვნელობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მანფრედ პროფაზთან შეხვედრაზე.

მხარეებმა მიგრაციის მართვის პროცესში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაზეც იმსჯელეს, რომელიც IOM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, წარმომადგენლები.