იტალიაში 11 დღიანი ძებნის შემდეგ, კერძოდ კი პადოვაში,  საქართველოს მოქალაქე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ამავდროულად პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი 26 წლის კარლო გოდოლაძე გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც "აიპრესს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კარლო გოდოლაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 20 ნოემბერს იტალიაში საქართველოს საკონსულოს გარდაცვლილის ძმამ შეატყობინა. 

"ეს ამბავი საკონსულოსთვის ძმის მეშვეობით გახდა ცნობილი. 23 ნოემბრიდან საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა იტალიის პოლიციასთან და გარდაცვლილის ძმასთან. სტუდენტის დაკარგვის შესახებ განცხადება გააკეთა კარლო გოდოლაძესთან ერთად მცხოვრებმა სტუდენტმა. მას შემდეგ ხორციელდება საგამოძიებო ღონისძიებები.  

იტალიური კანონის თანახმად, მიმართვიდან 48 საათი უნდა გავიდეს სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დასაწყებად. გარდაცვლილს ჯიბეში აღმოაჩნდა პადოვას უნივერსიტეტის სტუდენტური ბილეთი.  

პოლიციის მიერ ცხედრის ამოცნობის პროცესი ოფიციალურად არ ჩატარებულა. მათივე გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებას თითის ანაბეჭდებით მოახდენენ, რადგან პოლიციის სამმართველოს უკვე ჰქონდა გარდაცვლილი სტუდენტის თითის ანაბეჭდები. სავარაუდოდ პოლიცია საქმეს დღეს პროკურატურას გადააბარებს და  გადაწყდება, ჩატარდება თუ არა ექსპერტიზა კარლო გოდელაძის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.