ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული ხუთი პირი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა, სამართალდამცველია.

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.

მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი უკვე გაეწერა ბინაზე.

„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. ორმა უკვე დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა იპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამიტომ მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. რამდენიმე საათში საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა.