საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია.

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის  განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.

,,აქტიურად ვმუშაობთ  სხვადასხვა პროგრამაზე და მიმართულებაზე, რომელიც  წლის დასაწყისში დავაანონსეთ. იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით  პრობლემები არ გვექნება. შევეცდებით, ყველა ის სამუშაო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება მაქსიმალურად სწრაფი ტემპით და ხარისხიანად წარიმართოს“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

სამინისტროს მართვაში არსებუმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 281.1 მილიონი ლარი (გეგმის 111%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 39.0 მილიონი ლარი  (გეგმის 108%).

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პირველი კვარტლის შედეგები მიუთითებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აქტიურ ფაზაში გადასვლაზე. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 85 პროექტი, რომელთა უმეტესობა გზების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და ნაპირდაცვით სამუშაოებს მოიცავს. პირველ კვარტალში დასრულდა 11 პროექტი, რომელთა შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. 

124%-ით შესრულდა მაგისტრალური გზების მშენებლობის გეგმაც, რასაც 149.6 მილიონი ლარი მოხმარდა. სამუშაოები გრძელდება და მიმდინარე წელს დასრულდება  ჩქაროსნული გზის ოთხი მონაკვეთი: სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 6-კილომეტრიანი და გრიგოლეთი-ქობულეთის 3-კილომეტრიანი მონაკვეთები, საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზა და გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს  სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც - სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 2 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით.