ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს.
"საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, დღითიდღე შეუძლებელი ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.
ტელეკომპანია „იმედმა“ 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა - ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი აბაზაძე გამოკითხვაზე დაიბარა.
გიორგი აბაზაძე უწყებაში პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ მის წინააღდეგ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე იმყოფება. 16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი." - ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" გავრცელებულ განცხადებაში.