„გვაქვს რეალური შემთხვევები, როდესაც პაციენტის ისტორიები გადაიწერა. სამინისტროსთან არსებობს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს განიხილავს. ამ პროცესში, გვხვდება შემთხვევები, რომ მაგალითად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის გასაზრდელად, სწორი ინფორმაციის მოსაგროვებლად და რეალური დოკუმენტაციის ამოსაღებად აუცილებელია ამ რეგულაციის შექმნა“, - აღნიშნულის შესახებ, ილია ღუდუშაურმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სამართალდამრღვევი კლინიკების მიმართ გამოწერილი ჯარიმების დაუყოვნებლივ აღსრულებაა.
„დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც სააგენტო დაადგენს სამართალდარღვევას, იწერება შესაბამისი ოქმი, რომელიც იგზავნება სასამართლოში. სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმების 95%-ზე მეტი სასამართლოში ისედაც მართლდება, თუმცაღა კლინიკები და ფარმაცევტული კომპანიები 90%-ზე მეტ შემთხვევაში ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გასაჩივრების პერიოდის გამო, ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი და ისეთი ეფექტი, რაც ჯარიმას შინაარსობრივად გააჩნია იკარგება. მიზანი არის, რომ ჯარიმას ჰქონდეს პრევენციის ეფექტი, რათა კლინიკას ან ფარმაცევტულ კომპანიას არ ქონდეს კანონმდებლობის დარღვევის სურვილი. 4-5 წლის განმავლობაში შეიძლება ჯარიმები იყოს ასე, უბრალოდ ჩამოკიდებული და შედეგი არ დგებოდეს. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ცვლილებაა შესატანი და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში თანხების გახარჯვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ეს თანხები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს.
„ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესრულების კონტროლის მომენტში, რეგულირების სააგენტოს მილიონობით ლარის ჯარიმები აქვს დაწერილი კონკრეტული კლინიკებისთვის 2017-18 წლიდან არის ეს ჯარიმები გასაჩივრების სხვადასხვა ეტაპზე და ფიზიკურად ვერ ხდება მათი აღსრულება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაამტკიცოს, რათა
რეგულირების სააგენტომ ეფექტურად შეძლოს ფუნქციონირება.
„რეგულირების სააგენტო არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის ერთადერთი მიზანი არის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი, სფეროში ხარისხის გაზრდა და რაც ყველაზე მთავარია, პაციენტების ინტერესების დაცვა. იმისთვის, რომ პაციენტის ინტერესები დაიცვას რეგულირების სააგენტოს უნდა გაჩნდეს შესაბამისი უფლებები.
ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი ეტაპი ჩვენ გავიარეთ, პირველი მოსმენით პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა. შემდეგი ეტაპი არის უკვე დეტალები, შეთანხმებული ვართ, რომ ვიმსჯელებთ ამ დეტალებზე და უკვე მუხლობრივად გავივლით ამ ყველაფერს. ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით არგუმენტი გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.