ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ფაქტს შესაბამისი ფოტოც ახლავს.
წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.
იაკობ გოგებაშვილი 1840-1912 წლებში მოღვაწეობდა. იგი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისს სურდა იაკობიც მღვდელი ყოფილიყო, თუმცა გოგებაშვილმა პედაგოგობა გადაწყვიტა. ის ითვლება საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლად, ასევე იყო პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის "დედა-ენა", "ბუნების კარი", "რუსკოე სლოვო", "ბიბლიური ისტორია", "იავნანამ რა ჰქმნა" და ა. შ. ასევე არის საბავშვო მოთხრობების კრებულის ავტორი.
წიგნში "იავნანამ რა ჰქმნა" ლეკების მიერ პატარა ქეთოს მოტაცების ამბავია მოთხრობილი. წლების შემდეგ მამის მიერ სახლში დაბრუნებული ქეთო მშობლებს ვეღარ სცნობს და ისინი სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა.