ბალდის კანიონის პროექტის მხარდამჭერი, მარტვილის მკვიდრი გვანცა ჯანაშია საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართავს და პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფს მის მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებს.

გვანცა წერილში იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებიც ხელს უშლის როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, მის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ქალის მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების შესახებ გვანცამ საჯაროდაც არაერთხელ განაცხადა და პოლიციას მიმართა.

„წარმოშობით მარტვილის რაიონიდან ვარ. დღემდე ვცხოვრობ და ვსაქმიანობ ამ რაიონში. მაქვს სასტუმრო და ვემსახურები ტურისტებს. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი რაიონი. ვაფასებ წესრიგს, სისუფთავეს,  განვითარებას, პროგრესს და იმ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას და მიმართულია ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ. ჩემი სურვილია, რომ აქ იყოს შესაძლებლობა, ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ, მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში. სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ემსახურება ბალდის კანიონის პროექტიც, რომლის მხარდაჭერასაც პირველივე დღიდან ვაფიქსირებდი ღიად, როგორც ამას ვაკეთებდი მარტვილის კანიონის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ყველამ ვნახეთ, თუ რა სიკეთე მოუტანა ჩვენს რაიონს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს. სწორედ ამ მიზნით იყო და არის პროექტისადმი ჩემი მხარდაჭერა განპირობებული. ჩემი ამ პოზიციის გამო, პირველივე დღიდან გარკვეულ პირთა ჯგუფმა ჩემზე განახორციელა ბულინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა თუ ადევნება.

ყველა უკანონო და ბინძური ხერხით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას და დაშინებას. ამ ჯგუფის მოქმედებები უდიდეს სტრესში მამყოფებენ რის გამოც მათ შეურაცხყოფას მეც გავეცი პასუხი იმ იმედით, რომ თავს დამანებებდნენ, მაგრამ რა წამსაც გავიაზრე, რომ მათი ზიანის მომტანი მოქმედებების გამო, საკუთარ თავს ვკარგავდი, ეს პირები სოციალურ ქსელში დავბლოკე. შემეცვალა ცხოვრების წესიც, ვინაიდან მუდმივ სტრესში და შიშში ვარ - არსად შემხვდნენ, კვლავ არ მომაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ განახორციელონ ბულინგი და არ დამემუქრონ. სწორედ ამ შიშების გამო, მე ვეღარ ვახორციელებ ჩემს საქმიანობას, შევაჩერე სასტუმროს ფუნქციონირება და მრავალი სხვა... აღნიშნული პირთა ჯგუფის მიერ პირადად და სოციალური ქსელების მეშვეობით, ჩემზე განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე არაერთი განცხადებით მივმართე მარტვილის პოლიციას, რომელსაც დღემდე სათანადო რეაგირება არ ჰქონია მომხდარ ფაქტზე.

როგორც ჩანს, მათთვის ქალზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი, ადევნება, მუქარა არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას და შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოუწერიათ მათთვის. მე გავიზარდე ოჯახში და რაიონში, სადაც ქალზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა დაუშვებელი და სამარცხვინოა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩემი უფლებები ინტენსიურად ილახება. მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ ამ საკითხით,“ - ნათქვამია გვანცა ჯანაშიას მიერ სახალხო დამცველისადმი გაგზავნილ განცხადებაში.