საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრად აირჩიეს. არჩევნები 2025 წლის 18 ივნისს, ქ.
ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით ჩატარდა.
ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია (CES) UNECE რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 56 ქვეყანას აერთიანებს - მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და
ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.
კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შტაბბინაში, ჟენევაში და გლობალური სტატისტიკური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
არჩევნები სპეციალური პროცედურების მიხედვით ჩატარდა. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პროტოკოლის მიხედვით, ბიუროს წევრობის კანდიდატთა სია დაკომპლექტდა პირებით, რომლებიც საერთაშორისო
სტატისტიკურ საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას კონფერენციის მუშაობაში და მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ოფიციალური სტატისტიკის განვითარების საქმეში.
ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიურო წარმოადგენს კონფერენციის მმართველ ორგანოს. ის არის პლატფორმა, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბიუროს მთავარი ფუნქციებია: კონფერენციის სამუშაო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, საერთაშორისო სტატისტიკური თანამშრომლობის კოორდინაცია, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფების მანდატების განსაზღვრა, ასევე ახალი სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება.