გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 305 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.

ტერიტორიაზე განხორციელდება არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნება.

მოსახლეობისთვის მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯება.

პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.