ორწელიწად-ნახევარია რაც ჩემი შვილი დააპატიმრეს და არც ერთხელ ჰაერზე არ გაუყვანიათ. როგორც ვიცი, სიკვდილმისჯილებსაც კი აქვთ უფლება ყოველდღე გარეთ გავიდნენ და ჰაერი ჩაისუნთქონ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არის წონის ცოტა მატება, მაგრამ მე რომ მკითხოთ, მთლიანობაში მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, პირიქით უფრო სუსტდება თითქოს, იმიტომ რომ ადამიანს უჭირს სიარული, მგრძნობელობა არ აქვს ფეხის გულებს, იატაკს ვერ გრძნობს, ძლივს ადგამს ნაბიჯებს და ყოველ წუთს შეიძლება დაეცეს და რომ დაეცეს, ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ უსათუოდ გადაუტყდება ძვლები, რომლებიც მერე აღარ შეუხორცდება, ათასი პრობლემაა, თავბრუსხვევა აქვს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთი ძირითადი მიზეზი ისიც არის თუნდაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორწელიწად-ნახევარია რაც დააპატიმრეს ჩემი შვილი და არც ერთხელ ჰაერზე არ გაუყვანიათ. როგორც ვიცი, სიკვდილმისჯილებსაც კი აქვთ უფლება ყოველდღე გარეთ გავიდნენ და ჰაერი ჩაისუნთქონ",- განაცხადა გიული ალასანიამ.