დღეს ცნობილი ჟურნალისტი გიორგი სანაია 42 წლის გახდებოდა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელია, თუმცა სანაიების ოჯახი ამ საქმის გახსნის იმედს არ კარგავს. გიორგის ძმა ვახო სანაია ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ მოვა დრო და ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. ვახო სანაია დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ ოფიციალურ ვერსიად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასა და პასუხისგებაში მისცა ვინმე გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო", თუმცა გამოძიების ეს ვერსია იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი ხელისუფლება შეიცვალა, არავის უცდია, ბოლო წლების ამ ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და ხმაურიანი მკვლელობისთვის ნათელი მოეფინა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სანაიების ოჯახმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, მიზეზი კი ის გახდა, რომ საგამოძიებო უწყების განცხადებით, საჭიროა ახალი გარემოებების აღმოჩენა.