"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე დადებითად აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინიციატივას გასახვევი თუთუნის ფასის ზრდასთან დაკავშირებით.
"აიპრესთან" საუბრისას გიორგი ბახტურიძე აღნიშნავს, რომ გასახვევი თუთუნის სააქციზო ფასი 3-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.  "აქ არის ორი საკითხი: ერთი - ნედლეული, რომელიც შემოდის ჩვენს ბაზარზე, მისი რეალიზაცია ხდება დაუბეგრავად, ანუ ხდება გადასახადის თავიდან არიდება. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მისამართით უნდა ვთქვათ, გააძლიერონ ადმინისტრირება, რომ არ მოხდეს უკანონოდ თამბაქოს ფოთლის რეალიზაცია! მეორე - გადასახადი ძალიან დაბალია და შესაბამისად ფასიც დაბალია ამ ხელით გასახვევ თამბაქოზე. ერთის მხრივ მოიხსნა პრობლემა, რომ უფილტრო სიგარეტის ფასი გაუთანაბრდა ფილტრიანს, მაგრამ ერთი პრობლემა კიდევ დარჩა, ხელით გასახვევი თამბაქო არის იაფი და ხელისაწვდომი. ამიტომ ჩვენ ამოცანაა ის დაუახლოვდეს დანარჩენების ფასს, რომ მწეველს არ უღირდეს ბევრი წვალების ფასად გადავიდეს ხელით გასახვევ თამბაქოზე.  ჩემი მოსაზრება არის, რომ თუთუნზე დაახლოებით სამჯერ მაინც უნდა გაიზარდოს სააქციზო მოსაკრებელი. ახლა 1 კგ-ს სააქციზო განაკვეთი არის 35 ლარი. ჩვენი წინადადებაა, რომ 100 ლარი მაინც უნდა გახდეს. ღერებზე თუ გადავითვლით ფაქტიურად ერთ კოლოფ სიგარეტსა და გასახვევ თამბაქოს დაახლოებით ერთი ფასი ექნება",- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.  ავტორი: ნათია მაჭარაშვილი