გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე "აიპრესის" კითხვას პასუხობს.
- საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში არსებობს სტიქიური ნაგავსაყრელები და სანაგვე ურნები არ დგას. მართალია, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმე, მაგრამ ასეთ დროს, პირველ რიგში, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ რეგაირებას. როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას?
"ნარჩენების მართვის კოდექსი როცა მივიღეთ, მისი ამოქმედება არ მოვითხოვეთ მეორე დღესვე. ნარჩენების მართვაში არსებული ხარვეზები მთელი ქვეყნის დიდი პრობლემაა. აქ არ არის მხოლოდ მონდომებაზე ლაპარაკი, აქ საუბარია დიდ ფინანსურ რესურსზე, ასევე ცოდნაზე, განათლებასა და შეგნებაზე. კი, ჩვენ განვსაზღვრავთ პოლიტიკას ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, მაგრამ მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეტაპობრივად ცდილობს, მოაწყოს ინფრასტრუქტურა. მარტო ურნები რომ განვათავსოთ, ყველგან, სადაც საჭიროა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მისი გადატვირთვა, გადაზიდვა და სათანადო წესების დაცვით დაბინავება", - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.