სამშობლოს ყოველდღე ვჭირდებით - ამ გზაზე პაუზა და "დასვენება" ("ახლა ცოტა ხანს სხვებმა იზრუნონ!") გაუმართლებელია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი, გია მურღულია წერს.
„მიუხედავად ბევრი პრობლემისა (საერთოდ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელსაც ისინი არ აქვს?), უბრალოდ შესანიშნავი სამშობლო გვაქვს - აქ ყოველდღე ნახავ სიყვარულსაც, სიკეთესაც, ღირსებასაც, თანადგომასაც და ბევრ ისეთ რამესაც, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ერს კი - ერად.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უკეთესი გავხადოთ - ზნეობრივად, კულტურულად, ეკონომიკურად. ამისთვის მთელი ცხოვრება თავადაც უნდა ვემზადებოდეთ და ვეძიებდეთ პიროვნულ განვითარებას.
ამისთვის არის მოწოდებული საზოგადოებაც, ოჯახიც და სკოლაც.
შეიძლება ბედნიერება და წარმატება სხვაგანაც ეძებო (ეს ადამიანის არჩევანია), მაგრამ უმჯობესია, თუ მათ სამშობლოში შექმნი და იპოვი.
ეს საქართველოა და მას შეღავათები არ სჭირდება - სიყვარულსა და მზრუნველობას ითხოვს ჩვენგან, როგორც დედა.
ცხადია - ობიექტურ შეფასებასაც, რადგან "მამულის კვამლი", როგორც მართლჭვრეტის დამაბრკოლებელი, ჯერ კიდევ ილიას არ მოსწონდა.
სამშობლოს ყოველდღე ვჭირდებით - ამ გზაზე პაუზა და "დასვენება" ("ახლა ცოტა ხანს სხვებმა იზრუნონ!") გაუმართლებელია.
შეეწიე საქართველოს - ილოცე და გაისარჯე მისთვის.
პატრიოტობა ეს არის და არა სიტყვათა სიუხვე, რომლებსაც ქვეყნის სასარგებლო საქმე არ ახლავს.
სხვა საქართველო არ არსებობს, გარდა იმისა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.
შეხედე, რა მშვენიერია!
ვეცადოთ, რომ უფრო გონიერი, ძლიერი, მდიდარი და სამართლიანი იყოს.
ის ამას საუკუნეებით (უკვე გარდასულით და მომავალში მოსასვლელითაც) იმსახურებს“,- წერს გია მურღულია.