გარემოს ეროვნული სააგენტო, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სააგენტოს მიერ შოვის ტრაგედიის წინ გავრცელებულ სმს შეტყობინებას ეხება, განმარტებას აკეთებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
"გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული მორიგ ინტერპრეტირებულ და არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სააგენტოს მიერ შოვის ტრაგედიის წინ გავრცელებულ სმს შეტყობინებას მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ და მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში.
უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული და გავრცელებული სმს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტაციას. მსგავსი ტიპის შეტყობინებები სააგენტოს მიერ სისტემატურად იგზავნება ყველა შესაბამის უწყებაში და ვრცელდება სააგენტოს ოფიციალურ ფბ-გვერდზე.
სააგენტოს მიერ მომზადებული და გავრცელებული შეტყობინებებით არ პროგნოზირდება მსგავსი ტიპის სტიქიური მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა შოვში და რისი პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. (დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შოვის ტრაგედიის პირველად დასკვნაში წარმოადგინეს).
რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ რუკას და საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღწერილ მოსალოდნელ რისკებს, უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.
ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. დღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.
აღნიშნული ბიულეტენი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის საინფორმაციო დოკუმენტს, რაც ვერ გახდება კონკრეტული დასკვნის საფუძველი, რაზედაც კონკრეტული მედია აპელირებდა.
რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემას, 2018 წლიდან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემებზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელიც შედგება სხვადასხვა მოწყობილობისგან, როგორიც არის მეტეოსადგური, რადარი, წყალმზომი და ასე შემდეგ. აღნიშნული სისტემა იძლევა ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე ვრცელდება შესაბამისი პროგნოზი და ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სამსახურებს. ასევე, ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მომზადებულია რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს და წლის ბოლომდე ყველა ეს რუკა დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ ჩვენ გვქონდეს იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც შესაძლებელია რაიმე მოვლენების განვითარება.სწორედ ბოლო წლებში დაიწყო ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა; დაუშვებელია ამ თემის ინტერპრეტირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.