საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრს საგამოფენო სივრცე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა დაათვალიერებინა.

ფესტივალის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და ლაბორატორიული შოუები, შემეცნებითი აქტივობები, საგანმანათლებლო რესურსებისა და სამეცნიერო პროექტების გამოფენები გაიმართა.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ქიმიურ და ფარმაცევტულ ექსპერიმენტებში, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ქირურგიული კერვის ვორქშოფებში, ასევე გასცნობოდნენ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული არქეოლოგიური ველი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აქტივობები, კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული ძეგლების ფოტომასალა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა ნამუშევრები.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა CERN-ის STEM მასტერკლასები მოსწავლეებისთვის. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპის“ კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით 16 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. მისი მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.