ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ბელგიის ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს ფედერალურ სააგენტოში, ასევე, ბელგიის გარემოსა და სურსათის კვლევის, სურსათის უვნებლობის და ბრიუსელის გარემოს სააგენტოებში. 

შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ევროკავშირის რეგულაციებისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გლობალური კონვენციის - კარტახენას ოქმის სტანდარტების დანერგვის საკითხებზე, პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე. ყურადღება გამახვილდა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს ფედერალური სააგენტოს, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის კვლევითი ინსტიტუტისა და გენტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიები დაათვალიერეს და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიიღეს ბელგიელი კოლეგებისგან, გაიზიარეს მათი გამოცდილება და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.