ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან არაერთხელ მოუწოდეს, რომ ხვალ 22:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ და მიმართეს სიტყვებით: „ერთად გავუთენოთ საქართველოს“.
მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადონ. კერძოდ კი, თან იქონიონ საწვიმრები, ტელეფონის დამტენები, წყალი და ყველა ის ატრიბუტი, რაც მათ ღამის გათევის დროს დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მთავარ ლოკაციაზე პროტესტის მონაწილეები მსვლელობით სამი სხვადასხვა ადგილიდან მივიდნენ. მათ „ევროპის მარში“ მოაწყვეს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“. მსვლელობის დროს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. ევროპის მოედანზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.