საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2023 წლის 6 თვეში 10 706 საარქივო საქმე, 133 ფოტო, 18 კინოდოკუმენტი, 54 ფონოჩანაწერი, 49 წიგნი, 17 რუკა, 49 პლაკატი, პერიოდული გამოცემების 300-მდე ნომერი და სხვა საარქივო მასალა შეემატა.

ახალ დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო კოლექციებში დაცული დოკუმენტები. მათ შორის გამორჩეულია: „შავი ზღვის რუკა“, 1648 წელი, კარტოგრაფი ნიკოლა სანსონი; „საქართველოს რუკა“, 1776 წელი, კარტოგრაფი ჟოზეფ-ნიკოლა დელილი; წიგნები: „ლექსნი კნ. ნინო ორბელიანისა“ (1884 წელი, ახალ-სენაკი); „საქართველოს კალენდარი 1896“ (1895 წელი. თბილისი); „ქართული გალობა. ანთოლოგია“, 21 ტომი (გამომცემელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი); საჭადრაკო ტურნირების 49 აფიშა; 40-მდე ქართული მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის 133 ფოტო.

გარდა ამისა, უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივს შეემატა ფილოლოგის, პუბლიცისტისა და არქივისტის ფელიქს დანელიას პირადი ფონდი; სამეგრელოს რეგიონულ არქივს - ისტორიკოს, ეთნოგრაფ აბესალომ ტუღუშის პირადი ფონდი, ხოლო ქუთაისის ცენტრალურ არქივს - არქივისტ ნაზი თუთაშვილის პირადი  ფონდი.

ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 665 928 გვერდის, 118 კინოდოკუმენტის, 5400 ფოტოსა და 106 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია.