საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, რომელსაც მემატიანე მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.
დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა აღესრულება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.
თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.