პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „დღის ქრონიკაში" უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას.
მისი თქმით, დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს საზღვრები კვლავ ერთმანეთს ემთხვევა და ამაში პატრიარქს ლომის წილი აქვს.
„დღეს ეკლესიამ მიიღო ის სახე, რაც მას უნდა ჰქონდეს ქართველი ერისა და სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დავითის და თამარის საქართველოს აღორძინების სულიერი საწყისი სად არის. ეს არის გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობისას, როდესაც გიორგი მერჩულე იტყვის მერე და განმარტავს, რა არის საქართველო. ის სიტყვები არავის გაუუქმებია. მერე ილია რომ იმეორებს, ამ სიტყვების პერიფრაზირებას აკეთებს - მამული, ენა, სარწმუნოება. ეს გრიგოლ ხანძთელის პერიოდში იყო ეს პოზიცია, რომელიც გიორგი მერჩულემ გაახმოვანა, რომ საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე წირვა და ლოცვა ყოველი აღევლინება. ასევე ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს ეროვნული გმირები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები თითქმის 100 პროცენტიან თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. მიწიერი ეკლესია, რომელიც ზეციური ეკლესიის ორგანული ნაწილია გარკვეულ საზღვრებს მოიცავს და რადგან ეს საზღვრები საქართველოს ტერიტორიას ემთხვევა, გამოდის რა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველო სინონიმებია. ამიტომაც იყო ძველად, ვიცით ისტორიიდან, რომ ადამიანს რომ ეკითხებოდი რა სარწმუნოების ხარო, პასუხობდა ქართველი ვარო. ამით მართლმადიდებელს გულისხმობდნენ. პატრიარქის ამ მოღვაწეობამ ეს მოცემულობა დააბრუნა, რომელიც იყო ამ 70-იანი ბოლშევიზმის დროს გამოთიშული. მაგალითად მე, 20 წლის ისე გავხდი სიტყვა - „ღმერთი", დადებით კონტექსტში არ მქონდა გაგებული, არა თუ მღვდელი არ მენახა, ეკლესიაში შესულიც არ ვიყავი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, საშინელება. პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან. ეკლესიისა და სახელმწიფოს საზღვრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა. ეს არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და მას აქვს ლომის წილი ამ საქმეში“, - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.




