საპატრიარქომ სინდისის პატიმრების გათავისუფლება "ოცნების" ხელისუფლებას სამჯერ სთხოვა. 

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ "ერთსულოვნების" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ერთხელ პატიმრების გათავისუფლების თხოვნით ირაკლი კობახიძეს თავად მეუფე შიომაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო. 

"პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქი დანაშაული ვისაც შეიძლება, რომ ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ. 

გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირი ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო, თითქოს დაპირისპირებულია მათთან. მე გეტყვით, იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, ვთქვათ, ცრემლსადენი გაზით და წყლით და ბევრი კადრებია ამის შესახებ, მღვდლები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ასე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა, ეს პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ, - თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.