გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 იმყოფებოდა. მინისტრი საქართველოს ეროვნულ პავილიონში ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა და მათ მიერ წარდგენილ პროდუქციას გაეცნო.

დავით სონღულაშვილმა გამოფენის მონაწილე ქართველ მეწარმეებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართული პროდუქტის ხარისხის და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელობას.


„მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, შესაძლებლობას გვაძლევს, ქვეყნის პოტენციალი ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ღირსეულად იყვნენწარმოდგენილი და ისეთი მასშტაბის პლატფორმა, როგორიცაა გამოფენა CASPIAN AGRO, მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.


აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენა მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ დაათვალიერეს.