მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა - ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედავს და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა.
იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ არ გინახავთ თეატრი, რომელიც ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი, ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს",- განაცხადა დავით დოიაშვილმა.