2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა, სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოც. დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.
გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება.ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი , 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ აქტივობებზეც.
სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ შედეგები გააცნო. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000- მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.
საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.
ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს მიერ საუკეთესო და გამორჩეული პარტნიორების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.
ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.