სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში, დაბა წყნეთში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა, უზრუნველყოს მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კერძოდ, კონკურსი/ტენდერის გამოცხადება სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის თაობაზე, ასევე, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.

აღნიშნული ღონისძიებები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, „სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისა და განვითარების“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

დაბა წყნეთში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მომსახურების გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აშენდება.