საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით - 181 პრიმა 6. ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.