"ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს.
"ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც “ახალი ადამიანის” ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.
უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.
მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად.
“სიცრუის მანქანამ” ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ. ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა",- წერს ივანიშვილი.