იურიდიულად, უკვე შეიძლება ითქვას, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
„თუმცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციები, არგუმენტები, მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალეულობით. მათ ვერ მოიძიეს სათანადო ფინანსური რესურსი და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუწია ვადა პროექტის განხორციელებისთვის და, საბოლოოდ, მათივე ბრალეულობით ეს ვერ განხორციელდა. რაც შეეხება უკვე ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მომჩივნების პოზიციას, აქ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ ისინი, ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობის გამო ვერ აშენდა პორტი, რადგან მათ ჰქონდათ სამართლებრივი საშუალება, ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. არსებობს ასეთი, ერთგვარი ანულირების პროცედურა, რაც მათ არ გამოიყენეს. შესაბამისად, დაკისრებული დაახლოებით ორი მილიონი ლარის ოდენობის თანხაც მათ გადაიხადეს. შესაბამისად, იურიდიულად, უკვე შეიძლება, ითქვას, რომ ისინი დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა.
რაც შეეხება საქმის მნიშვნელობას, ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა, რადგან თვითონ მომჩივნებმა სცადეს ამ დავაში პოლიტიკის შემოტანა. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლა პოლიტიკური მოტივებით ხორციელდებოდა. გარდა სამართლებრივისა, ამ საქმეს ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარეც, რადგან გადაწყვეტილება გამოვიდა არჩევნების წინ სულ რამდენიმე თვით ადრე. თუნდაც ერთ პატარა ნაწილში ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო, ამას მოჰყვებოდა, დიდი ალბათობით, გარკვეული პოლიტიკური რყევები და ოთხი მილიარდის კომპენსაციის გადახდა. ყველასთვის ბუნებრივია, ეს რამხელა ფინანსურ-ეკონომიკური ტვირთი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ამ საქმეს, გარდა სამართლებრივისა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მდგენელი ჰქონდა და სახელმწიფომ ამ დავის სრული მოგებით სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები ერთიანად აიცილა“,- განაცხადა ძამაშვილმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სარჩელში აცხადებდნენ, რომ ანაკლიის პორტი ვერ აშენდა სახელმწიფოს ბრალეულობით და კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიარდი ლარის თანხის გადახდას ითხოვდნენ.