საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის ნავსადგურში. მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. საკრუიზო ხომალდი ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაირღვა ოკუპაციის კანონი. აქციაზე ისმის სტვენა და სხვადასხვა შეძახილი.

საკრუიზო გემის ტერიტორიას პოლიცია იცავს. კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ დაძაბულა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. აქცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ დააანონსა.

ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.