ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიანიჭა, ყოველგვარი პირობის გარეშე. საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ილიაუნის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მას შემდეგ მიუბრუნდა, რაც მისი ადრინდელი გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება გასული წლის სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ექვსწლიანი ავტორიზაცია მიიღო, თუმცა ამავდროულად ავტორიზაციის საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შუამდგომლობით მიმართა, უნივერსიტეტის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების მიზნით, ერთი წლის თავზე გეგმური მონიტორინგი ჩაატაროს.

პასუხად კი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისგან მათ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები ჰქონდათ მიღებული, რომლებიც ავტორიზაციის საბჭომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეცვალა და უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭა. სწორედ ამ პირობის გამო გაასაჩივრა უნივერსიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომა განათლების ხარისხის შენობის წინ, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეების თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება ილიაუნის მიმართ სადამსჯელო ზომა და შერჩევითი დამოკიდებულებაა, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ემხრობა.