საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მათ შორის პატრიარქის დაკრძალვის თარიღის შესახებ.

„სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე, ესაა საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა პროცედურაზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებთ მას შემდეგ, როგორც კი დაადგენს სინოდი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ილია მეორე, შესაძლოა, სიონის ტაძარში დაკრძალონ, რაზეც ჯაღმაიძემ უპასუხა: „დიახ, არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“.

ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.

„დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.