როგორც, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, 2025 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახალ სტუდენტურ საერთაშორისო საცხოვრებელს გახსნის.

მინისტრის თქმით, მსგავსი სტუდენტური საცხოვრებელი, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს.

"2025 წელი იქნება ალბათ პირველი წელი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გახსნის ახალ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, ანუ წელს, რამდენიმე თვეში, დავამთავრებთ, პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა, უმაღლესის სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და კვლევითი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღების საკითხია.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი გამოწვევების მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს, ბოლო წლებში, არაჩვეულებრივი და უზარმაზარი შედეგები აქვს, მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ახალი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელსაც აქვს კამპუსი. არა თუ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ასეთი საუნივერსიტეტო კამპუსს მეორეს ვერ ვიპოვით. მეორე მხრივ, ის ავითარებს კვლევით ინფრასტრუქტურასაც და სტუდენტების საერთო საცხოვრებელს", - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.