დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  ყოფილი ცოლისა და სიმამრის სარჩელს არ სცნობს, - ამის შესახებ „აიპრესთან, მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, რომ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საშიშროება,  სასამართლო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. "არ ვცნობთ სარჩელს, ვთვლით რომ ამ საქმის წარმოება არის ძალიან დიდი სირცხვილი. უბრალოდ უხერხულია. ჩვენ რომ არ ვიდგეთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაშე, ამ პროცესში მონაწილეობასაც არ მივიღებდით. ეს არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, მონარქის იდეის დისკრედიტაციაა. საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით უკიდურესად ნეგატიური პოზიცია აქვს, მოვუწოდებთ მოწინააღმდეგე მხარეს, გაიხმოს სარჩელი და შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ბაგრატიონების გვარის შეურაცხყოფა. _ მოსარჩელე მხარე საუბრობს, რომ დავით ბაგრატიონი არის ყოფილი სიძე, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის სახელით გასცემს ორდენს, რაც არ არსებობს... _ თვითონ ვინ არიან ან რა უფლებით ითხოვენ ამ სახელის გამოყენების აკრძალვას? რა კავშირი აქვთ საქართველოს სამეფო სახლთან? როდესაც ესენი საუბრობენ არ არსებულ ორდენზე, მინდა გითხრათ, რომ ეს ორდენი არსებობს თუ არ ვცდები 1939 წლიდან, რომელიც დააფუძნა ესპანეთში, თუ არ ვცდები დავით ბაგრატიონის ბაბუამ , ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა. ორდენის წევრები არიან მსოფლიო მოქმედი პატრიარქები, კანონიერი მონარქები და სხვადასხვა სამეფო ოჯახის წევრები და მეთაურები. როცა ასეთ რამეს ლაპარაკობენ, სჯობს ცოტა წინდახედულად ისაუბრონ. _ ანუ, თქვენ ზიანის ანაზღაურებას არ აპირებთ? _ ის რომ მათ სახელით ვსარგებლობთ? იცით დავის საგანი რაშია? ჩამოაშორეთ ამ საქმეს გვარი ბაგრატიონი, პომპეზურობა და უბრალოდ საქართველოს ერთი მოქალაქე უჩივის მეორე მოქალაქეს, რომ ჩემი სახელით ნუ სარგებლობ და ჩემი სახელით რომ ისარგებლე, ამით მოყენებული ზიანი ამინაზღაურე. არსად ყოფილა, რომ დავით ბაგრატიონს ეთქვას, რომ მე ვარ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ან ნუგზარ ბაგრატიონ - გრუზინსკი. მათი სახელით არასდროს უსარგებლია. ისინი რას ითხოვენ? ჩვენი სახელით სარგებლობსო, მათი სახელი რა არის?! ანა და ნუგზარი... დავით ბაგრატიონმა თქვა, რომ მე ანა და ნუგზარი ვარო? _ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება აეკრძალოს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რადგან ის არ არის სამეფო შტოს წარმომადგენელი.... ბოდიში მაგრამ, საქართველოს სამეფო სახლი მათი სახელია? თვითონ არიან? დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი მხარისთვის გახდა ცნობილი, რომ ჩატარდა ისტორიული კვლევა, არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლითაც გაირკვა, რომ ბატონი ნუგზარი არ არის ბაგრატიონთა დინასტიასთან კავშირში. კერძოდ, მის მამას პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის არ აქვს არაფერი გაკეთებული მამამისის სიცოცხლეში, ანუ პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის, რომლის მემკვიდრედაც ასაღებენ თავს, შვილი პეტრე თავის სიცოცხლეში არ ყოლია. ეს საარქივო ჩანაწერი განხორციელებულია მისი გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მიცვალებულს დააწერეს 2 წლინახევრის ბავშვი შვილად. დოკუმენტაცია, რომ ნათესაური კავშირი აქვთ, არ აქვთ! შევთავაზეთ დნმ-ის ანალიზის გაკეთება, მაგრამ უარი გვითხრეს. რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ არ გვაქვს ჩვენ ბაგრატიონებთან საქმე. _ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის „აიპრესთან“ აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შტო თავადური  იყო, რომლის წინაპრები საქართველოს ისტორიაში არასდროს გამეფებულან... _ ტყუილია! ბაგრატიონელი მეფეები იყვნენ ვახტანგ მე5-დან დაწყებული ვახტანგ მე-6 ჩათვლით. მთელი 100 წლის განმავლობაში მუხრანელი ბაგრატიონები იყვნენ ქართლის მეფეები. _ ასევე აცხადებს, რომ „საიტზე წინაპრებად ისეთი მეფეები ჰყავს მითითებული, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მეფეები. ალექსანდრე მე-6 და ერაკლე მეორე არასდროს გვყოლია მეფედ და ეს ამბობს, რომ მათი შთამომავალია და მე მეკუთვნის სამეფო სახლიო. ანუ, ალტერნატიული საქართველოს ისტორია აქვს ფაქტობრივად საიტზე დაწერილი“. _ ეს სისულელეა, შებრძანდი ვე გვერდზე და მსგავს ინფორმაციას თქვენ იქ ვერ ნახავთ. ეგ არის ჩვეულებრივი „ფეიქ ნიუსი“. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.   შეგახსენებთ, მამა-შვილმა, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა ყოფილ ქმარს და სიძეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს. სარჩელის მოთხოვნა კი ასეთია, აეკრძალოს ყოფილ ქმარს და სიძეს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება. ცნობისთის, ანა ბაგრატიონ -გრუზინსკიმ  და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გავრცელებულა. წყვილს ვაჟი – გიორგი შეეძინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გიორგი ბაგრატიონი ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა. მოგვიანებით კი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ანა ბაგარიონ-გრუზინსკისთან განქორწინდა.