საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 80 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696700&lang=ge








