1962 წლის 20 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევის პოლიციამ აღმოაჩინა 80 წლის ქართველი ემიგრანტის - გრიგოლ რობაქიძის (1882-1962) ცხედარი, რომელიც წინა დღეს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილიყო - გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი - აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
61 წელი გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებიდან...
1962 წლის 20 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევის პოლიციამ აღმოაჩინა 80 წლის ქართველი ემიგრანტის - გრიგოლ რობაქიძის (1882-1962) ცხედარი, რომელიც წინა დღეს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილიყო...ვინაიდან მისი წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ ბევრია ცნობილი, ამის თაობაზე აქ აღარ ვისაუბრებ. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ის გახლდათ ქართული კაზმულსიტყვაობის დიდებული ქურუმი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მწერალი, რომელიც სავსებით სამართლიანად მიიჩნევა თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად.თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის უკანასკნელი 31 წელი გრიგოლ რობაქიძემ გაატარა ემიგრაციაში, სადაც 1931 წლიდან გერმანიაში ცხოვრობდა, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში (გარდაცვალებამდე). ამის მიუხედავად, მას არცერთი წუთი არ უცხოვრია საქართველოს გარეშე, რომელსაც ის ჭეშმარიტად ეთაყვანებოდა. ეს ჩანს მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან. უცხო ენებზე გამოცემული ნაწარმოებებით ქართველმა მწერალმა უდიდესი აღიარება მოიპოვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც არაერთი ლიტერატურული საზოგადოების წევრი გახდა. საგულისხმოა, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში აპირებდნენ მის წარდგენას ნობელის პრემიაზე (ლიტერატურის დარგში), რასაც ხელი მწერლის გარდაცვალებამ შეუშალა.
უფალმა ნათელში ამყოფოს ამ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სული!
ფოტოზე: გრიგოლ რობაქიძე, ცნობილი ქიმიკოსი რაჟდენ რუსიშვილი და გამოჩენილი დაღესტნელი (ხუნძი) მხატვარი ჰალილ-ბეგ მუსაიასული/მუსაევი (გერმანია, ქ. მიუნხენი, 1935 წელი). ეს ფოტო შემოგვინახა და პირველმა გამოაქვეყნა ლიტერატურათმცოდნემ და მწერალმა გიორგი ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა (1941-2015).