მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. 

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.