„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსი 2025” გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 50%-ი მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება და უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, მალტას, სლოვაკეთს, ხორვატიას, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.
ანგარიში მსოფლიოს 6 რეგიონად ყოფს, რომელსაც 6 რეგიონალური ლიდერი ყავს, მათგან ერთ-ერთი საქართველოა.
• ამერიკის რეგიონის ლიდერია კანადა,
• სუბსაჰარული აფრიკის ლიდერია სეიშელი,
• შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ლიდერია არაბეთის გაერთიანებული საემიროები,
• აზია-წყნარი ოკეანის ლიდერია სინგაპური,
• დასავლეთ ევროპა-ევროკავშირის ლიდერია დანია,
• აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერია საქართველო.









