1940 წლის 18 ნოემბერს, ლექციის კითხვის დროს, გარდაიცვალა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940), რომელიც იმჟამად სულ 64 წლისა გახლდათ... - ივანე ჯავახიშვილის გარდაიცვალების დღის აღსანიშნავად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი - აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"83 წელი ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან
1940 წლის 18 ნოემბერს, ლექციის კითხვის დროს, გარდაიცვალა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940), რომელიც იმჟამად სულ 64 წლისა გახლდათ... ამ არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად, მან უდიდესი ამაგი დასდო თავის სათაყვანებელ სამშობლოს და ქართველ ერს. ვინაიდან აქ ძალზე ძნელია მიმოხილვა ამ დიდებული ქართველის მრავალმხრივი ღვაწლისა, დასკვნის სახით ვიტყვი შემდეგს: ივანე ჯავახიშვილი რომ არ ყოფილიყო, ქართველ ერს 1918 წლის დასაწყისიდან არ ექნებოდა ეროვნული უმაღლესი განათლების უპირველესი კერა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე რჩება სრულიად კავკასიის წამყვან უნივერსიტეტად, საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლა ვერ მიაღწევდა ასეთ მაღალ დონეს და 1921 წლიდან ბოლშევიკური რეჟიმის მარწუხებში მოქცეულ ქართველ ერს არ ეყოლებოდა ზნეობრივი მაგალითი აღნიშნული ლეგენდარული პიროვნების სახით, რომელიც მას ოკუპაციის უმძიმეს პირველ ოცწლეულში ქართველობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა... ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: დიდი ილია ჭავჭავაძის (1837-1907) მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ქართველი ერის წინამძღოლობა ითავა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც ასევე მოწამებრივი ცხოვრების გზის გავლის მიუხედავად, ეს მისია სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად შეასრულა...უფალო, ნათელში ამყოფე XX საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე დიდი ქართველის სული!" - წერს ნიკო ჯავახიშვილი.