15-21 ოქტომბერს მსოფლიოში, მათ შორის თბილისში იტალიური ენის კვირეული აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.
"15-21 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეული, რომლის მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში.
წლევანდელი კვირეულის თემაა "
იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის" და მისი მიზანია პროგრამული პლატფორმების მეშვეობით იტალიური ენის განვითარებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული სასწავლო-დიდაქტიკური პოტენციალის კვლევა. “წლევანდელი კვირეულისთვის მოვამზადეთ პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ სხვადასხვა ქსელებთან და თემებთან, როგორიცაა: სკოლები, უნივერსიტეტები, დანტე ალიგიერის საზოგადოების კომიტეტები, ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, მეცნიერება (გავიხსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიც „ცერნია“), სიტყვები (ნაჩვენები იქნება ფილმი იტალიელ მისიონერზე, რომელიც იტალიური, ქართული და ლათინური ლექსიკონების ავტორია. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში გაიმართება სხვადასხვა თამაშები და აქტივობები), ციფრული ქსელები (გაიმართება ღონისძიება Webinar თბილისისა და ნეაპოლის უნივერსიტეტების დასაკავშირებლად), იტალიურენოვანი მეგობრობა (ჩატარდება დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება), მასწავლებლების მომზადება ონლაინ პლატფორმა “Moodle”-ს მეშვეობით“, - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
კვირეულის პროგრამა
- 15 ოქტომბერს, 13:30 სთ-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, იტალიის ელჩი ბარტოლი და მინისტრი ბატიაშვილი გამართავენ თბილისის 20 საჯარო თუ კერძო სკოლაში იტალიური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაციას. პროგრამა ხორციელდება ჩვენი საელჩოს დახმარებით, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს იტალიური ენის სწავლებას (მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოებს). ღონისძიება ღიაა პრესის წარმომადგენლებისათვის.
- 15-19 ოქტომბერს სკოლებში, სადაც იტალიური მეორე უცხო ენად ისწავლება, მასწავლებლები და მოსწავლეები გაკვეთილებს ინტერაქტიულ სასწავლო აქტივობებს მიუძღვნიან და გაეცნობიან ენის შესწავლის პრაქტიკულ და სახალისო მეთოდებს.
- 17-18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება „Webinar“, იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას", ჩვენი საელჩოსა და ნეაპოლის უნივერსიტეტის "L'Orientale”-ს მონაწილეობით. ღონისძიებას გახსნიან ელჩი ბარტოლი და პროფ. ალბერტო მანკო, რომელიც იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას" პრეზიდენტად დასახელდება. ხელი მოეწერება შეთანხმებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და "მინერვას" შორის, რომელიც იტალიური ენის ქართველი მასწავლებლებისთვის ცენტრად იქცევა.
- 17 ოქტომბერს, 20:00სთ-ზე, კინოთეატრ "კავეაში", საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით ნაჩვენები იქნება ვალერიო ჯალონგოს დოკუმენტური ფილმი "სილამაზის აღქმა. ხელოვნება და მეცნიერება ცერნში" (დასწრება თავისუფალია. ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით).
- 18 ოქტომბერს 19:00სთ-ზე დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი გამართავს ღონისძიებას „კავშირი იტალიურ ენაზე, ინტერნეტქსელში, მთელ მსოფლიოში“, რომლის მიზანია სხვადასხვა ეროვნების ადამიანების დაკავშირება, რომლებიც იტალიურ ენაზე ერთმანეთს იდეებსა და პროექტებს გაუცვლიან და ხელს შეუწყობენ ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ღონისძიება ვირტუალური „იტალიური მოედანია“ - დიალოგი დანტე ალიგიერის საზოგადოების მთელ მსოფლიოში არსებულ კომიტეტებს შორის.
- 19 ოქტომბერს 18:30სთ-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა „იტალია და საქართველო. მეგობრობის ისტორია“, რომელიც საარქივო მასალების მეშვეობით ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე მოგვითხრობს. გამოფენა, რომელიც ღია იქნება 19 ნოემბრამდე, ორგანიზებულია ჩვენი საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნულ არქივთან, იტალიის კვლევების ეროვნულ ცენტრთან და სხვადასხვა იტალიურ არქივთან თანამშრომლობით.
- 19-21 ოქტომბერს ჩატარდება ონლაინ პლატფორმა “Moodle“-ს კურსი, რომელიც საქართველოში იტალიური ენის მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. კურსს გაუძღვება “Minerva INTIS"-ის (ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების და განვითარების ინსტიტუტი) ხელმძღვანელი ჯოვანი ჯაკომანტონიო.
- იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეულს დაასრულებს რეჟ. ლელა ბერიძის მიერ გადაღებული ფილმის "სიტყვის კაცი" ჩვენება. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით შექმნილი ფილმი ნაჩვენები იქნება 29 ოქტომბერს, 18:30 სთ-ზე, "კინოს სახლში" (ძმები კაკაბაძეების ქ. 2). სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგითხრობთ პადრე ლუიჯი მანტოვანის ცხოვრებაზე, რომელიც იტალიურ-ქართული ლექსიკონის (2006წ.), ქართულ-იტალიური ლექსიკონისა (2014) და ლათინურ-ქართული ლექსიკონის (2016წ.) ავტორია. გარდა ამისა, მანვე შექმნა "ქართული ენის მცირე გრამატიკა" (1997წ.). 87 წლის იტალიელი მისიონერი ლუიჯი მანტოვანი, რომელიც ოც წელზე მეტია, ქუთაისში ცხოვრობს, ორი კულტურის დამაკავშირებელი ხიდი და ჭეშმარიტად "სიტყვის კაცია" - მან ცხოვრების დიდი ნაწილი ქართულ სიტყვებში ჩამალული ზუსტი და ღრმა შინაარსის ძიებაში გაატარა.
ფილმი მოგვითხრობს ლუიჯი მანტოვანის გატაცებაზე, შრომასა და ძალისხმევაზე როგორც ქართული ენის იტალიაში წარმოჩინების, ასევე, იტალიური ენის საქართველოში გავრცელების საქმეში", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.