მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შესახებ დასკვნითი სხდომა იმართება.
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტიტუტის არსებობა, რომელიმე ხელისუფალის ნებას ან სურვილს მიეწერებოდეს და პერსონალური სურვილის, წყალობის დონემდე იყოს დაყვანილი, რადგან ვინც ასე ფიქრობს, შესაძლოა, მათთვის დიდი პატივი იყოს იმიტირებული ავადმყოფობა და ხელისუფალის მიერ ნაწყალობები თავისუფლება. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შუამდგომლობით შემოვიდა ამ სასამართლოში, ის წყალობას არ სთხოვდა არცერთ მოქმედ ხელისუფალს და მხოლოდ სასამართლოს მიმართავდა გამოეყენებინა ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მის პრეზიდენტობამდეც კანონის სახით არსებობდა და რომელსაც სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაემატა მძიმე ავადმყოფობის გამო მსჯავრდადებულის გათავისუფლების ინსტიტუტი და რომელსაც დღეს, ვიღაცები ხელისუფლების წყალობად აღიქვამენ. არა! ადვოკატები უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და არავის ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან მთელი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობაც მას ანაცვალა. ამიტომ, ყველამ იცოდეს, ის ამ ქვეყანაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის და ამჟამადაც, სწორედ სასამართლოს მიმართა“,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა დასკვნით სიტყვაში.