მოკლული ჟურნალისტის გიორგი სანაიას ძმა ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ მთავრი პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურა დაინტერესდა პატიმარ ციხისთავის სატელევიზიო განცხადებით და უთხრეს რომ საკითხს სწავლობენ.
"ახლა გამოვედი მთავარი პროკურატურიდან. შეხვედრა გაიმართა გიორგის საქმესთან დაკავშირებით. ვესაუბრე პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ პატიმარ ციხისთავის სატელევიზიო განცხადებით. მითხრეს, რომ საკითხს სწავლობენ. მე ვუთხარი ჩვენი ოჯახის პოზიცია, რომ აუცილებელია პროკურატურა დაინტერესდეს ყველა იმ პირით, რომელიც მოხსენიებულია ციხისთავის განცხადებებში. მითხრეს, რომ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩამაყენებენ საქმის კურსში.
ასევე პროკურატურას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ თავის დროზე ჩატარებული გამოძიება და სასამართლო პროცესები იყო ფარსი და მიზნად არ ისახავდა სიმართლის დადგენას. გიორგი სანაია იყო შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი", - წერს ვახო სანაია Facebook-ში.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ ოფიციალურ ვერსიად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეაფასა და პასუხისგებაში მისცა ვინმე გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო", თუმცა გამოძიების ეს ვერსია იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი ხელისუფლება შეიცვალა, არავის უცდია, ბოლო წლების ამ ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და ხმაურიანი მკვლელობისთვის ნათელი მოეფინა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სანაიების ოჯახმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, მიზეზი კი ის გახდა, რომ საგამოძიებო უწყების განცხადებით, საჭიროა ახალი გარემოებების აღმოჩენა.
მსჯავრდებულ ციხისთავის განცხადებების შემდეგ კი ვახო სანაიას ინფორმაციით, პროკურატურა საკითხს სწავლობს.