გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, თბილისში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის ზღვაზე მოქალაქეები აკრძალული საშუალების - 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით, გასაბერი ნავიდან ახდენდნენ თევზჭერას. სამართალდამრღვევებს 4 კგ. შამაიას სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.
ქვემო ფონიჭალაში, სარკინიგზო ხიდიდან მოქალაქე უკანონო თევზჭერას ანკესებზე დამაგრებული სახლართი ტიპის ბადეებით ახდენდა.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.