სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას." - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში