საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრების არჩევა მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუვენსი, საქართველოს პროკურატურის, მედიის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 10 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.
საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ 2015 წლის 19 ოქტომბერს დამტკიცებული კონფერენციის რეგლამენტში, კონფერენციაზე ფარული კენჭისყრა ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურორთა რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა პროკურატურის თანამშრომლებს დღევანდელ კონფერენციაზე მაღალი აქტივობისთვის. ’’დღეს კონფერენციაზე 480 პროკურატურის პროკურორი და გამომძიებელი დარეგისტრირდა, შესაბამისად კონფერენცია უფლებამოსილია, გააგრძელოს საქმიანობა’’ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გენერალური პროკურორის განცხადებით, კონფერენციას პროკურატურა მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - წინა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, რაც დაზოგავს როგორც პროკურორების დროს, ასევე ადამიანურ რესურსს, ხმის დათვლის პროცესს კი, კიდევ უფრო გამჭვირვალეს და ეფექტიანს გახდის.
„ამ მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ არჩევნებს. შემდგომი კონფერენციისთვის ინიცირებული გვაქვს რეგლამენტში ცვლილებები, რათა მომავალში არამარტო კენჭისყრა, არამედ მონაწილეთა რეგისტრაციაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განვახორციელოთ. ამდენად კონფერენციის მხრიდან ამ ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში, სრულად მოხდება შემდეგში ამ კონფერენციის გაციფრულება, რაც დამეთანხმებით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეფექტიანობის გასაზრდელად“- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. „საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც გააძლიერა პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა’’- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუვენსი და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.
ლენა ოუვენსმა გენერალურ პროკურორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „გასული ორი წლის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ თქვენ ძალიან კარგი ლიდერი გყავთ ირაკლი შოთაძის სახით, და მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მას, მის მოადგილეებს, ყველა თანამშრომელს, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ასეთი თანამშრომლობა გამიწია“ - აღნიშნა აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა.
კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ შოთა ტყეშელაშვილმა. მისი განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ უნდა ატარონ, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წევრებმა 4 წლის განმავლობაში. „მათ ამ ეტაპზე აქვთ ხედვა, რომ საკუთარ გამოცდილებაზე და ობიექტურობაზე დაყრდნობით, თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ პროკურატურის ეფექტიან მუშაობაში და ჩვენი უწყების დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებაში“ - განაცხადა შოთა ტყეშელაშვილმა.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.




