2020 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისის ცენტრალური სააავადმყოფოს” (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გათავისუფლდა, ხოლო ექიმ ვახატანგ ყიფიანს და მაგდა ხოჭოლავას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სოციალურ ქსელში დაკავებული ექიმი ვახტანგ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. "გადავწყვიტე გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს. ფაქტი ერთია - პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება, კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას. მინდა მადლიერება გამოვხატო მეგობრების, ოჯახის, სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა მიადვილებს თავისუფლების აღკვეთაში გატარებულ ყოველ დღეს. თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ასევე, გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზირებისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას, ეს შემთხვევა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის. მედიცინა - საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში გაირკვევა სიმართლე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!" - წერს ვახტანგ ყიფიანი. ცნობისთვის, მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შეგახსენებთ, "თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეორივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220¹-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია თბილისის პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.