სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეაგირება გრძელდება. დღეს საერთო სასამართლოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განიხილეს, მათ შორის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე მურთაზ რიგვავა დეპუტატ ილია ინჯიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

ბათუმის სასამართლომ კი განიხილა მოქალაქე ირაკლი გობაძის საქმე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გრიგოლ გეგელია მოიხსენია. გობაძეს მოსამართლემ 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პირველი ივნისიდან დღემდე საერთო სასამართლოებმა სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენების 200-ზე მეტი საქმე განიხილეს.

"პირველი ივნისიდან მოყოლებული, 200-ზე მეტი საქმე არის წარდგენილი საერთო სასამართლოებში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულმა საქმეებმა და რეაგირებებმა შესაბამისი პრევენციული ეფექტი იქონია, ვინაიდან საჯარო სივრცეში, სოციალურ სივრცეში აშკარად იკლო შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა და ტექსტებმა," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.